ბრძოლა 20 ივნისის მთავარ სიმბოლოსთან - შსს მაკო გომურის შემოსავლების გამოთხოვას გეგმავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მაკო გომურის შემოსავლების გამოთხოვას გეგმავს. გომელაურის უწყებას გადაწყვეტილი აქვს 20 ივნისის მთავარ სიმბოლოს ამ ფორმით გამოუცხადოს ბრძოლა.
დღეს საქალაქო სასამართლოში ორი წლის დაგვიანებით დაიწყო გომურის სარჩელის განხილვა. ახალგაზრდა გოგონა, ვინც გავრილოვის სისხლიან ღამეს სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვიის გამო თვალი დაკარგა, სამინისტროსგან სარჩოს დაკისრებას ითხოვს.
გომური ფიქრობს, რომ სასამართლო შეგნებულად "წელავდა" პროცესებს, რადგან მისი თქმით სასამართლოს, შეიძლება არ უნდოდათ თავიანთ რეპუტაციას კიდევ ერთხელ ზიანი მისდგომოდა.
არის ორი მოთხოვნა, ერთი არის მატერიალური ზიანის ანაზღაურება, მეორე არის ყოველთვიური სარჩოს დაკისრება. 2021 წლის 2 დეკემბერს შევიტანეთ სარჩელი და ამდენი ხნის შემდეგ დღეს პირველად ჩაინიშნა ეს სხდომა, იქამდე გვყავდა სხვა მოსამართლე, რომელმაც არც ერთხელ არ ჩანიშნა სხდომა და სულ გადაგვიწია. მომცეს უკვე დაზარალებულის სტატუსი, ვერ ვხდები ახლა რა საჭირო იყო ამ პროცესების გაწელვა იმიტომ, რომ ფაქტობრივად თვითონ აღიარეს დანაშაული და თქვეს, რომ ჩვენი დანაშაულია, რაც მაკო გომურს დაემართა. შეიძლება არ უნდოთ თავიანთ რეპუტაციას კიდევ ერთხელ ზიანი მისდგომოდა და ამის გამო გაიწელა ეს სხდომები", - ამბობს მაკო გომური.
გომურის ადვოკატის თქმით, მან პროცესზე დაზარალებულის დის მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვა. უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის ნაწილობრივ დახურვაც მოითხოვა, რათა კომფორტული იყოს მოსარჩელისათვის საუბარი.
შუამდგომლობების ეტაპზე ჩვენ მოვითხოვეთ მაკო გომურის დის მოწმის სახით გამოკითხვა, ასევე მოვითხოვეთ გარკვეული სახის ვიდეომტკიცებულების დართვა. ვიდეო ასახვას იმ წუთებს, როდესაც უკვე მოსარჩელეს მოხვდა ტყვია თვალში. უფრო კომფორტული რომ იყოს მოსარჩელისათვის საუბარი, გადმოცემა თავისი გრძნობებისა თუ ემოციების, სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ, რომ სხდომა იყოს დახურული ნაწილობრივ", - ამბობს გომური ადვოკატი.
ცნობისთვის, მაკო გომურის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს გაიმართება.