ვაკის პარკის ტრაგედია - მერიის ყოფილი თანამშრომლისა და ექსპერტ ლონდარიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს 6 ნოემბერს გამოაცხადებს
ვაკის პარკის ტრაგედია - საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს 6 ნოემბერს გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.
დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, ვინაიდან მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. საქმის პროკურორის, თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.
აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.