ifact: მოუვლელი სკვერები ქუთაისში

03.11.23 16:34
ifact: მოუვლელი სკვერები ქუთაისში

ქუთაისში ბოლო ორ წელიწადში გაკეთებული 23 სკვერიდან 7 უკვე დაზიანებულია და ბავშვების გასართობადაც ვერ გამოდგება, რადგან უსაფრთხოდ  არ გამოიყურება. 

ამის შესახებ  გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი,ფატი” წერს, რომლის ჟურნალისტებმაც საკუთარი თვალით, ადგილზე ნახეს თითოეული სკვერის მდგომარეობა. 

Როგორც გამოცემა წერს, 23 სკვერის მოწყობა ქალაქის ბიუჯეტს 7,2 მილიონი ლარი დაუჯდა. ქუთაისის მთავრობას სკვერები საზეიმოდ გახსნა კი გამოუვიდა, მაგრამ მათი მოვლა-პატრონობის რა გითხრათ. 23-დან შვიდი სკვერში უკვე დამტვრეულია ატრაქციონები, სკამებს აქა-იქ ფიცრები აკლია,  ზოგში მოტეხილია ლამპიონები, აღარ კიდია საქანელები,  უფუნქციოდაა დარჩენილი ონკანები, ჩამონგრეულია ფანჩატურების სახურავები, ზოგან კი სასრიალოებს  მოაჯირიც არ აქვს. 

ეს მოუვლელი სკვერები ქუთაისის ცენტრალურ ნაწილსა და გარეუბნებში მდებარეობს - ნიკიტინის, ბუხაიძის, ნიკეას, ზურაბ ჭავჭავაძის, მაისურაძის და თომაშვილის ქუჩებზე. 

მოქალაქეები გამოსავალს ხედავენ იმაში, რომ მერიამ დაადგინოს ვინ აზიანებს სკვერებს და კანონის შესაბამისად დააჯარიმოს ისინი. ქუთაისში ეს ყველაფერი ევალება ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას, რომელიც შარშან შემოდგომაზე შეიქმნა. 

პირველ წელს ა(ა) იპ-ის ბიუჯეტი 480 ათასი ლარი იყო, 2023 წლის გეგმით კი გაორმაგდა და 965,000 ლარია. 

ქუთაისის მერია და მუნიციპალური ინსპექცია  ვერ გვეუბნება, როგორ ავლენენ და შემდეგ რა მეთოდებით აღკვეთენ ვანდალიზმის ფაქტებს. მოქალაქეები კი გვეუბნებიან, არ ვიცით ვინ დააზიანა სკვერებიო, მაგრამ წესით, ამის გაგება სირთულე არ უნდა იყოს მერიისთვის, გასართობ სივრცეებში კამერები რომ ჰქონდეთ დამონტაჟებული და მათ ჩანაწერებს პერიოდულად ამოწმებდნენ.

Მათი გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კამერები 23-დან მხოლოდ 2 სკვერში აქვთ დამონტაჟებული. გამოდის, დანარჩენი ადგილების მოვლა-პატრონობა მოსახლეობის პასუხისმგებლობასაა მინდობილი.

მუნიციპალური ინსპექციის ეფექტიან მუშაობაზე ისიც მეტყველებს, რომ  მოგვწერეს, ვანდალიზმის შესახებ შეტყობინებები არ შემოსულა და შესაბამისად, ჯერ არავინ დაგვიჯარიმებიაო. 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ კი ამბობს, რომ სკვერში ინვენტარის დაზიანება ჯერ 300, განმეორებისას კი 500 ლარით ჯარიმდება. თუმცა, ფაქტია კანონის ეს ჩანაწერი პრაქტიკაში არ მუშაობს. 

დეტალურად ქუთაისის სკვერების ამბავს “აი,ფაქტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან გაეცნობით.