გაქცეული პატიმრების საქმე - ბრალდებული ბადრაგი განსასჯელის სკამზე ზის
ბრალდებული ბადრაგი განსასჯელის სკამზე ზის. გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებული კაცი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამ წუთებში, ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოა.
ახლა საინტერესოა, დაარღვევს თუ არა დუმილს პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და იტყვის თუ არა რა მოხდაა ავერსის კლინიკის ეზოში.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ უყურადღებო ბადრაგმა დატოვა სპეციალური ავტომობილის კარი ღია, რის შემდეგაც სამი პატიმარი გაიქცა.
„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.