გაქცეული პატიმრების საქმე - საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

04.11.23 14:00
გაქცეული პატიმრების საქმე - საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

გაქცეული პატიმრების საქმე - საბადრაგო ჯგუფის უფროსს ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

არც ერთი სიტყვა და არც თავის მართლება. პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დღეს დუმდა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

როგორ დაიგეგმა გაქცევა ქართულად? დღევანდელ პროცესზე საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ  სპეციალური ავტომობილის ღია კარის მიღმა სულ ოთხი პატიმარი იჯდა. სამი გაიქცა, ერთმა კი დარჩენა ამჯობინა.

სპეციალურ ავტომობილში არის პატიმრების მოთავსების ორი საკანი. ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები. ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე, გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში. ამ სივრცეში იყო ასევე მეორე საკანი, სადაც დარჩა ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა. ბრალდებული ბადრაგი იჯდა წინა სალონში და მეთვალყურეობის გარეშე ჰყავდა დატოვებული მსჯავრდებულები. ცოტა სუბიექტური იყოს ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ მას ცოტა მეტ მანძილზეც შეძლება განეხორციელებინა დევნა. 10 მეტრამდე გაეკიდა".- ამბობს საქმის პროკურორი.

დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბადრაგის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ის აღიარებს ინანიებს, ის ტელეფონზე საუბრობდა არა პირადი მიზნებით, არამედ სხვა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს ესაუბრებოდა სხვა მსჯავრდებულების ჩამოყვანის თაობაზე. შუა საუბრის დროს დაინახა, რომ პატიმრები გაიქცნენ ,  დაუკავშირდა უფროსებს და  ყველანი ცდილობდნენ გაქცეული პატიმრების დაბრუნებას". - ამბობს დაცვის მხმარე.

ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.