საბერძნეთში, ნაოსნობაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

04.11.23 17:19
საბერძნეთში, ნაოსნობაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

საბერძნეთში 2 ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. შემთხვევა იგუმენიცას ნავსადგურთან მოხდა. არსებული ცნობებით, ქართველი მეზღვაურები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

ისინი ვანუატუს დროში ქვეშ მცურავი ხომალდ "ალტა2"-ში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ბათუმში, ხოლო მეორე თბილისში ცხოვრობდა. ერთი ქართველი მეზღვაური საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა 26 ოქტომბერს, ხოლო მეორე 2 ნოემბერს მოხდა.

ინფორმაციას "პირველებს" ქართველი დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში ავთანდილ გიუნაშვილიც უდასტურებს.

გარდაცვლილია ორი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელზეც ჩვენი უწყებები ინფორმირებულები არია. საზღვაო სააგენტო, რომელსაც აღნიშნული საკითხის განხილვა, განცხადებაც გააკეთა მე მგონი. ჩვენი ინფორმაციით, არის უბრალოდ უბედური შემთხვევა მომხდარი. იგუმენიცაში, პორტში მოხდა შემთხვევა, შემდგომ საავადმყოფოშიც იქნა გადაყვანილი დაშავებული, მაგრამ იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, ვერ გადარჩა. ზუსტი ინფორმაცია არ არის, სავარაუდოდ, 50 წლამდე ადამიანია. ქართველები როდესაც გემების სარემონტო სამუშაოებზე ხშირად მუშაობენ და როდესაც მომხდარა საქართველოს მოქალაქის დაშავება, ყოველთვის ყოფილა შესაბამისი რეაგირება და ყოველთვის მომხდარა მათი მკურნალობა და დაზღვევაც უზრუნველყოფილი - აღნიშნა ავთანდილ გიუნაშვილმა

ინფორმაციას ადასტურებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშიც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, “General Hospital of Ioannina G. Hatzikosta”, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.
აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, ბატონ გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ".- აცხადებს სააგენტო.