როდის იხურება ნინოწმინდის პანსიონი - ბოლო ვადა ცნობილია

14.06.21 11:17
როდის იხურება ნინოწმინდის პანსიონი - ბოლო ვადა ცნობილია

ნინოწმინდის პანსიონის დახურვის ბოლო თარიღი 2022 წლის 1 აპრილია. რა სახით გააგრძელებს ნინოწმინდის პანსიონი ფუნქციონირებას, საპატრიარქოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. 

საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონი, ისევე როგორც სხვა დიდი ტიპის ბავშვთა დაწესებულებები, მცირე ზომის პანსიონებად გადაკეთდება. ქარჩავას თქმით, ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა ისე უნდა მოხდეს, რომ თითოეული აღსაზრდელის ინტერესი გათვალისწინებული იყოს. 

2022 წლის პირველი აპრილისთვის ყველა მსხვილი დაწესებულება ბავშვთა პანსიონები უნდა დაიშალოს მცირე ტიპის 10 ბავშვამდე საოჯახო მცირე პანსიონებად, აქ საუბარი არ არის მყისიერ გაყვანაზე და დახურვაზე. უნდა მოხდეს რეორგანიზაცია მსხვილი პანსიონების დაშლა ევროპული სტანდარტებით, ბევრ ბავშვს ზოგიერთ აღმზრდელთან აქვს მიჯაჭვულობა, რაც მასში გამოხატავს როგორც ოჯახის განცდას, აქედან გამომდინარე მათი ინტერესები რომ არ დაირღვეს, ხდება შეფასება და კანონის სტანდარტებით მცირე ზომის დაწესებულებების შექმნა", - ამბობს ედიშერ ქარჩავა. 

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კონკრეტული პასნიონის დახურვა ვინმეს სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

"საიას" თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის, თქმით, ახლა ჯერი აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა. 

აქ არ არის ვინმეს სურვილზე ლაპარაკი, ბავშვთა პანსიონატი დაიხურება, თუ არ დაიხურება. კანონი ითხოვს, რომ დიდი ბავშვთა სახლები უნდა დაიხუროს და მათი დეინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს, ამის შესახებ კანონში დიდი ხნის წინ იქნა ეს დებულება შეტანილი, თუმცა დღემდე ყველა ბავშვთა სახლი  არ არის დახურული. აქ ვერ ვისაუბრებთ ვინმეს სურვილზე, გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ", - ამბობს სიმონიშვილი. 

ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე 23 ბენეფიციარი რჩება.