თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები იზრდება
თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები იზრდება. მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც.
ინიციატივა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა წარადგინეს, რომლის თანახმადაც:
თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში კი - 3000 ლარის ოდენობით;
ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს;
მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარით არის განსაზღვრული.
პროექტის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება:
საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე;
იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები;
ასევე, იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.