უმძიმესი ვითარება სოფელ კირბალში - მომხდარის შემდეგ, მოსახლეობა შეშინებულია

07.11.23 11:32
უმძიმესი ვითარება სოფელ კირბალში - მომხდარის შემდეგ, მოსახლეობა შეშინებულია

სოფელი კირბალში უმძიმესი ვითარებაა - ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ აგვისტოს ომის მონაწილეს გლოვობენ, თან შეშინებულები არიან, ამბობენ, რომ ცხოვრება წლებია ოკუპანტების პირისპირ ტერორში უწევთ. სოფელში, რომელიც ე.წ. საზღვართან ყველაზე ახლოს არის, უმძიმესი რეალობაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტების თარეში ყოველდღიურობად იქცა, ისინი იტაცებენ და მძევლად აჰყავთ ყველა, ვინც ე.წ. საოკუპაციო ზოლთან მიახლოებას გაბედავს.

"ნახირს რომ გარეკავ საშიშია, სალოცავში ახლავ, საშიშია, სასაფლაოზე საშიშია, სახლში ხარ საშიშია, სროლის ხმა გავიგე, ასე 5-6 საათი იქნებოდა" - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.