"მოკვლის განზრახვით აედევნენ" - პროკურატურამ ტატუაშვილზე თავდასხმისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მიმართ გასროლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ მომხდარში მონაწილე პირები საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას თავს არიდებდნენ, რის გამოც, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს. ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს პირველ ნოემბერს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. ოპოზიციონერი მომხდარში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ადანაშაულებს.
"პირველებს" წყარო უყვება, რომ მკვლელობის მცდელობაში მხილებულმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საზღვარი სადახლოზე გადაკვეთეს. თავად გიორგი ტატუაშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის დატოვებას ვერცერთი ძალოვნების მფარველობის გარეშე ვერ შეძლებდა.