შსს არის რეპრესიული მანქანა, რატომ მაწყვეტინებთ?! - ნოდარ მელაძე მოსამართლეს

14.06.21 15:29
შსს არის რეპრესიული მანქანა, რატომ მაწყვეტინებთ?! - ნოდარ მელაძე მოსამართლეს

ტვ პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების სასამართლო სხდომა ხმაურით წარიმართა. შაბათის ეთერის ავტორმა, ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ  მოსამართლეს შსს-ს წინააღმდეგ  ჩვენებები მისცეს. ჟურნალისტებმა გომელაურის უწყების თანამშრომლის, ქეთი კოვზიაშვილის ცრუ ჩვენება კონკრეტული ფაქტებით და გარემოებებით დაასაბუთეს. 

სხდომაზე ნოდარ მელაძემ საუბარი შს სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკაზე დაიწყო, თუმცა მოსამართლემ რამდენჯერმე გააწყვეტინა.

ბატონო მოსამართლე, თქვენ მე მითხარით, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში მომეწოდებინა ინფორმაცია ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოვიპოვე ინფორმაცია, რომ შსს არის რეპრესიული მანქანა. თქვენ ამ დროს მე მაწყვეტინებთ, რატომ? - განაცხადა ნოდარ მელაძემ სასამართლო პროცესზე. 

სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებმა მოსამართლეს ასევე განუმარტეს, რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ისინი თავდაპირველად თავად პოლიციელს, გელა კვაშილავას, დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც ისინი შსს-ს პრესსამსახურთან იქნენ გადამისამართებულები. პრესამსახურის ნაცვლად, მაკა ჩიხლაძემ შეკითხვები შს მინისტრს დაუსვა, თუმცა გომელაურმა ჟურნალისტს პასუხი არ გასცა.  ვახტანგ გომელაური ჟურნალისტს შეპირდა, რომ მოკვლევის შემდეგ შეკითხვას აუცილებლად უპასუხებდა. ამის მიუხედავად, რეპორტაჟის მომზადებისას შსს-ს ტვ პირველისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ეთერში სკანდალური ანონსის გასვლის შემდეგ კი შსს-ს პრესამსახურის თანამშრომელი დაუკავშირდა ჟურნალისტს და არაოფიციალური საუბრისას უთხრა, რომ „ეს ასე, მგონი არ იყო“. სწორედ ქეთი კოვზიაშვილის კომენტარი უნდა ჩაეთვალათ ჟურნალისტებს შსს-ს ოფიციალურ პასუხად, რასაც უწყება ახლა მათ ედავება. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამომძიებელ ჟურნალისტებმა შეკითხვები პოლიციელ გელა კვაშილავასაც დაუსვეს. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არ უარყო მან ინფორმაცია მაშინ, როდესაც მასთან პირველი დაკავშირება მოხდა. ცნობილია, რომ კვაშილავას ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი ჰქონდა და მასთან დაკავშირება მთელი კვირის განმავლობაშ შეეძლო, თუმცა მას საკუთარი პოზიცია არ დაფიქსირებია. აღნიშნულ კითხვებზე პოლიციელს პასუხი არ გაუცია.