როცა დაინახა, რომ სალოცავის კარები იყო აჭედილი, გულმა ვერ მოუთმინა - თამაზ გინტურის ძმა
კირბალში ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის ძმა "პირველებთან" ამბობს, რომ აგვისტოს ომის მონაწილეს ზურგიდან ესროლეს.
ნიკოლოზ გინტური დარწმუნებულია, რომ ოკუპანტებს თამაზის მონაცემები ჰქონდათ და კარგად იცოდნენ, რომ 58 წლის კაცი აგვისტოს ომის მონაწილე იყო და სწორედ ამიტომ მოუწყვეს ჩასაფრება.
ავიდა წმინდა გიორგის ეკლესიაში, როცა დაინახა, რომ კარები იყო აჭედილი, ვერ მოუთმინა გულმა და შეაღეს კარები. მას შემდეგ რაც ავტომობილში ჩასხდნენ და რამდენიმე მეტრი გამოიარეს, ოკუპანტებმა უკნიდან დაუწყეს სროლა. ალბათ, ჩასაფრებულები იყვნენ რუსები. ჩემი ძმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო და მე როგორც ვფიქრობ, ყველა მაგას მეუბნება, თამაზის მონაცემები ყველაფერი იცოდნენ, ყველაფერი გადაცემული იყო და მაგიტომ მოუწყვეს ჩასაფრება და ესროლეს"- აცხადებს ნიკოლოზ გინტური.
მისი თქმით, თამაზ გინტური ქვეყნის პატრიოტი იყო და სალოცავის კარის აჭედვას ძალიან განიცდიდა.
ნიკოლოზ გინტური "პირველებთან" ამბობს, რომ ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ დაკავშირებია.
სასტიკად მოკლული კაცის ოჯახი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების მანქანა ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
რუსმა ოკუპანტებმა აგვისტოს ომის მონაწილე რუსმა ოკუპანტებმა 2 დღის წინ, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან ჩაცხრილეს.
გუშინ საოკუპაციო რეჟიმმა კადრებიც გაავრცელა, სადაც თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია გადაღებული.
"ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე და შენი ჩამჭედის დედას შე***ი!" - ამბობს ეს თამაზ გინტური ჩანაწერში.