ერთ-ერთი ვერსიით, რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური ავტომობილის გარეთ დახვრიტეს

08.11.23 13:43
ერთ-ერთი ვერსიით, რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური ავტომობილის გარეთ დახვრიტეს

არსებობს ვერსია, რომ რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური ავტომობილის გარეთ დახვრიტეს და მხოლოდ ამის შემდეგ  დაცხრილეს მისი ავტომობილი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა "პირველებს" ეუბნება, რომ ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ვერსიაა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის სასტიკ მკვლელობას, ქაცარავას თქმით, აგვისტოს ომის მონაწილის სადისტური მკვლელობა კი სიტუაციის პროვოცირებას ისახავს მიზნად. 

თამაზ გინტურის მკვლელობა ეს იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია, ეგზეკუცია, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი სიტუაციის პროვოცირებას. 

არსებობს ერთ-ერთი ვერსია, (ხაზს ვუსვამ, ეს არის ვერსია) რომ თამაზ გინტური მანქანის გარეთ დახვრიტეს და შემდეგ მანქანასთან მიმართებით ეს სცენა დადგეს. 

მანქანაზე ჩანს ნატყვიარები უკანა მხარიდან, საბარგულის მხრიდან და ასევე, ერთი ნატყვიარია საქარე მინაზე. ფაქტია, რომ მანქანა არის დაცხრილული, სადღაც 7-8 ნატყვიარი მკაფიოდ ჩანს"- თქვა ქაცარავამ. 

ამასთან, რამდენიმე საათის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ჯგუფურად მოკლული თამაზ გინტურის დაცხრილული ავტომობილის ფოტოები გავრცელდა. კადრებში ჩანს, ისიც, რომ ავტომობილს დაცხრილული აქვს საბურავებიც. სავარაუდოდ იმის გამო, რომ გინტურს სროლის დროს ტერიტორიის დატოვება ვერ მოეხერხებინა.

პარალელურად, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, შიდა ქართლში  ოკუპანტების გადადგილება დღეს დილის 07:00 საათზე შეინიშნეს. რუსი ე.წ. მესაზღვრეები თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობის ადგილზე გამოჩნდნენ და დანაშაულის ადგილს აკონტროლებენ.

დათო ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტებმა მოძრაობის დრონის ჩამოგდება სცადეს, თუმცა აქტივისტემბა კადრების გადაღება მაინც შეძლეს.