ქვეყანა პოლიტიკურ ნეპოტიზმშია ჩაფლული - ოპოზიცია

14.06.21 17:39
ქვეყანა პოლიტიკურ ნეპოტიზმშია ჩაფლული - ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიები ადასტურებენ ფაქტებს, რაც ტვ პირველის შაბათის ეთერში გავიდა. საუბარია კონკრეტულ პირებზე, ვინც საქართველოს  რკინიგზაში,  ელექტროსისტემაში, სიპ-ებსა და აიპებში სწორედ მმართველ ელიტასთან სიახლოვის გამო არიან დასაქმებული.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კორუფციაშია ჩაფლული და მისი გამოვლინება ნეპოტიზმი, ყველაზე მეტად სახელმწიფო დაწესებულებებშია დაფიქსირებული, სწორედ ასეთ უწყებებში ხდება ე.წ. პარტაქტივის და ხელისუფლებიდან წასული მაღალჩინოსნების დასაქმება,  ოპოზიცია იმას აცხადებს, რომ ივანიშვილს მობეზრდა ხალხის რჩენა და გადაწყვიტა, ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გააკეთოს. 

,,სტარატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ნეპოტიზმია და ბიძინა ივანიშვილის ახლობელს ყოველთვის დაასაქმებენ.

 ეს არის ნეპოტიზმი და სისტემური კორუფცია. ყველაზე დიდი ადამიანი ვინც არის, მისი ახლობელი ყოველთვის დასაქმდება. ესაა რეალობა. საკითხი არის ძალიან მარტივი, საერთოდ, სამუშაო ადგილების რაოდენოდა გაიზარდა მხოლოდ საჯარო სექტორში. მთელი მათი მმართველობის დროს. და გაიზარდა რატომ? პარტაქტივი, ნათესავი, სუყველა შეტენეს იქ, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, ამბობს, რომ მიუხედავად ზარალისა, რასაც სახელმწიფო კომპანიები განიცდიან, იქ დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

სახელმწიფო საწარმოების ზარალმა თითქმის მილიარდი შეადგინა, თუმცა, ხელისუფლებას მაინც ეყო თავხედობა და 5%-ით გაზარდა იქ დასაქმებულთა რაოდენობა. ხელისუფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს ნეპოტიზმისთვის, პოლიტიკური კორუფციისთვის იყენებს. ოჯახის წევრების გარდა ,,ოცნებამ" პენსიაზე გასული თანამდებობის პირები მიამაგრა ამ სახელმწიფო კომპანიებში ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პენსიაზე. - აცხადებს საბა ბუაძე.

,,ნაცმოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის, თქმით, ბიძინა ივანიშვილს მობეზრდა ნათესავების დასაქმება და ისინი სახელმწიფო ბიუჯეტს მიამაგრა.

მილიარდერ ივანიშვილს მობეზრდა საკუთარი ნათესავებისა და ახლობლების შენახვა და ამას აკეთებს ბიუჯეტის ხარჯზე. იმ ფონზე, როცა ეკონომიკური კრიზისია, ქამრების შემოჭერის ნაცვლად ჩვენ ადამიანებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიან ზოგჯერ და ზოგმა საკუთარი სტატუსიც კი არ იცის, მათ  ვუხდით ხელფასებს - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ტვ პირველის შაბათის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, როგორ არიან სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებში დასაქმებული ბიძინა ივანიშვილისა და  ,,ქართული ოცნების" ახლობლები, ნათესავები და პარტიული აქტივი.

მსგავსი სიახლეები