თამაზ გინტური ქვეყნისადმი სიყვარულსა და სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა - პატრიარქი

08.11.23 16:34
თამაზ გინტური ქვეყნისადმი სიყვარულსა და სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა - პატრიარქი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსი საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

პატრიარქი წერს, რომ ოკუპანტების მიერ ზურგში ნასროლი ორი ტყვია "დიდი დანაშაული და სირცხვილია"

"კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.

ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა სავანე. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა" - წერს პატრიარქი.

6 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ სოფელ კირბალთან რუსულმა საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.