ავეჯის კომპანია მოტყუებით 464 687 ლარს დაეუფლა - პროკურატურა

09.11.23 12:54
ავეჯის კომპანია მოტყუებით 464 687 ლარს დაეუფლა - პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ავეჯის დამამზადებელ კომპანია "დემეს" წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მოტყუებით ჯამურად 464 687 ლარი მიითვისა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის  მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგენილია, რომ  კომპანია "დემეს" წარმომადგენელმა,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში,  ავეჯის დამზადების  მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. ამ გზით,  ბრალდებულმა ჯამში  მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. 

კომპანია "დემეს"  წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის  მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით - აღნიშნულია განცხადებაში.