საქართველოდან გაუჩინარებული რუსი აქტივისტი - რას ამბობს დავით ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ხელმძღვანელი დავით ქაცარავა საქართველოდან რუსი აქტივისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით "პირველებთან" რამდენიმე ვერსიას განიხილავს.
ერთ-ერთი დაუდასტურებელი ვერსიის მიხედვით, რაფაელ შეპელევი 12 ოქტომბერს სოფელ კირბალიდან გაუჩინარდა. რადგან ადგილობრივების მტკიცებით, მათ კირბალში ტაქსით ჩასული რუსულენოვანი მამაკაცი შენიშნეს, რომელიც სასაფლაოებისკენ გადაადგილდებოდა, ხოლო შემდეგ კი ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავისკენ მარტომ გააგრძელა გზა, სადაც სავარაუდოდ, რუსი საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები დახვდნენ.
დავით ქაცარავა ამბობს, რომ დასკვნების გამოტანა ამ მოცემულობით რთულია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი ხაზს უსვამს მთავარ პრობლემას, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლიათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება და ადამიანების გატაცება:
ერთი ვერსიით, შეპელევი უკვე იმყოფება რუსეთში, ის არის დაპატიმრებული და ბუნებრივია, მას გაასამართლებენ კრემლისტური, პუტინისტური მითითებების საფუძველზე. თუ შეპელევი აღმოჩნდა რუსეთში, რომელიც თავის ფეხით ჩასულა კირბალში და ჩაბარებია რუს ოკუპანტებს, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ქართული სპეცსამსახურების ჩართულობა და მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში გამოირიცხება, ვინაიდან იკვეთება ნება ჩაბარების. თუ კირბალში ასული ადამიანი შეპელევი არ არის და ის სხვა გზით აღმოჩნდა რუსეთში, მაშინ ვფიქრობ, რომ ქართული სპეცსამსახურების გარეშე ამ ოპერაციის ჩატარება გართულდებოდა და შეუძლებელიც იქნებოდა. ამიტომ ამ ორ ვერსიას შორის რომელი იქნება რეალური, აქედან მოგვიწევს დასკვნების გამოტანა - აღნიშნა ქაცარავამ.
პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსი აქტივისტის საქართველოდან 12 ოქტომბრის შემდეგ ქრება. იგი მთაწმინდის ქუჩიდან გაუჩინარდა, მისი პირადი ნივთები კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რჩება.
შეპელევის თანამოაზრეები, უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთში აკრძალული ულტრა-მემარცხენე და ნაციონალურ ანარქისტული ორგანიზაციის წევრი, ახლა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდეთ გადაყვანილი.