ევროკომისიის ანგარიშზე გამეღიმა - კოკა მორგოშია ვერ ხვდება, რატომ უნდა დაიჭირონ
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან მოძალადე რადიკალების დასჯას ითხოვს - "ალტ-ინფოს" ლიდერი კოკა მორგოშია "პირველებთან" ამბობს, რომ გაეღიმა, როდესაც ეს ანგარიში წაიკითხა.
მორგოშიას თქმით, ვერ ხვდება, თუ რატომ უნდა დაიჭირონ ის და სხვა რადიკალები, როდესაც გამოძიება ჩატარდა და "ოცნების" ლიდერებიც "საქმის კურსში" არიან მათი უდანაშაულობის შესახებ.
რეაქცია მქონდა ცოტა ისეთი, იუმორი დაკრავდა ჩემი მხრიდან. სტატუსი დავწერე, თუ გინდათ, აგერ ვარ და მითხარით, სად მოვიდე-მეთქი. ძაან სასაცილოა ეს ყველაფერი. რაზე უნდა დაგვიჭირონ, მითხარით, გამოძიება ჩატარდა, კობახიძემ და მთელმა მთავრობამ დააფიქსირეს, თავიანთი პოზიცია, იმიტომ, რომ საქმის კურსში იყვნენ და გაეცნენ მასალებს და უცებ, დამნაშავეები აღმოვჩნდებით? საიდან? რა მოხდა?"- ამბობს მორგოშია.
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან მოძალადეების დასჯას ითხოვს. გაფართოების შესახებ მომზადებულ 122 გვერდიან დოკუმენტში "ოცნების" ხელისუფლებას ჩაუწერეს, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა 5 ივლისის შემოქმედებმა პასუხი აგონ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ციხეში უნდა გაუშვან ყველა, ის პრორუსულად განწყობილი რადიკალი, ვინც ჟურნალისტების ქუჩა-ქუჩა დევნას და მათზე ძალადობას აორგანიზებდა, ვისაც ლექსო ლაშქარავას სიკვდილში წვლილი მიუძღვის.
ალტ-ინფოს წარმომადგენლებზე ევროკომისიის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მათ დაარღვიეს ჟურნალისტების და "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლების უფლებები მაშინ, როდესაც ისინი ძალადობრივად დასაჯეს და მნიშვნელოვანია, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს.
ევროპისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი გარემოება. უკვე წლებია გამოძიება მიდის, თუმცა არც ერთი ძალადობის წამქეზებელი დასჯილი არ არის.