კორუმპირებულმა "ოცნებამ" და რუსულმა რეჟიმმა ერთმანეთი იპოვეს - აბესაძე ელმავლების ტენდერზე

10.11.23 17:38
კორუმპირებულმა "ოცნებამ" და რუსულმა რეჟიმმა ერთმანეთი იპოვეს - აბესაძე ელმავლების ტენდერზე

სავარაუდოდ რუსულ კომპანიებზე მორგებული 184 მლნ -იანი ტენდერი  - არასამთავრობო ორგანიზაცია "საგამოძიებო ბიუროს" ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ფაქტი რუსეთის მიმართ ხელისუფლების კოლაბორანტული დამოკიდებულების შედეგია. კორუფციის მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ ადგილი კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს. მისი თქმით, კორუმპირებულმა რუსულმა რეჟიმმა და ასევე კორუმპირებულმა "ქართულმა ოცნებამ" ერთმანეთს გაუგეს. 

ეს ყველაფერი არის ასახვა, საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნების" კოლაბორანტული დამოკიდებულების რუსეთის მიმართ. არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურ ჭრილშიც, გაზრდილი ეკონომიკური დამოკიდეულება რუსეთზე და ეს ასეულობით მლნ ლარი, რომელიც მიდის რუსეთში, რომელი, სამწუხაროდ, ხმარდება მტრული რუსული რეჟიმის გაძლიერებას. კარგად ვიცით, როგორია მაღალი ალბათობა რუსეთთან კორუფციულ გარიგებებში შესვლის. სრულად კორუმპირებული რუსული რეჟიმი, სრულად კორუმპირებული "ქართული ოცნება". შესაბამისად, მათ იპოვეს ერთმანეთი და ახლა ათეულობით მლნ ლარი, კიდევ ვიმეორებ, ამიტომ ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ფინანსებიდან რუსეთის მიმართულებით, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

„საქართველოს რკინიგზის“ 184 მილიონ ლარიანი ტენდერი სავარაუდოდ რუსულ კომპანიებზეა მორგებული - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზამ“ ელმავლების შესაძენად 184 მლნ ლარიანი, სავარაუდოდ მორგებული ტენდერი გამოაცხადა, რადგან მასში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ.