საეჭვო ტრანზაქციები რუსეთიდან - ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს, სავარაუდოდ, ფულის გათეთრებისთვის იყენებენ
რუსები საქართველოს მოქალაქეებს საეჭვო ტრანზაქციებისთვის იყენებენ - ფინანსური მონიტორინგის სამსახური საგანგაშო კვლევას აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, ოკუპანტი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული რუსები ისე იყენებენ ქართველებს, რომ მათ არც კი უხსნიან საეჭვო ფულის წარმომავლობას. ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ დგას, დიდი ალბათობით, შავი ფულის უკან, ან რა დანიშნულებით მიდის გადარიცხვები.
როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, მმართველი ხელისუფლება არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს, პირიქით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას ოვაციებით შეხვდა, რაც საქართველოს ევროპულ მომავალსა და უსაფრთხოებას საფრთხის წინაშე აყენებს.
მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე სიახლეა. აქ არის შეკრებილი მოცემულობა და ამაზე როდესაც, ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი რეაგირება არ არის, ისევე როგორც რუსეთის პირდაპირ ფრენებთან ტაში და ოვაცია გვახსოვს "ქართული ოცნების". ეს კიდევ უფრო ასუსტებს საქართველოს ევროპულ მომავალს და საქართველოს უსაფრთხოებას - განაცხადა აქუბარდიამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ეს პროცესი ფულის გათეთრების ერთგვარი გზაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს სანქციების გვერდით ავლაში ეხმარება
ეს არის ფინანსური სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელშიც სამწუხაროდ, გამოყენებულია საქართველოს მოქალაქეები. ეს არის გარკვეულწილად ფულის გათეთრების ერთგვარი გზა. მთლიანად თუ დაჯამდება, ეს არის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და არის დახმარება რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების გვერდის ავლაში. ამიტომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ როდესაც ამას თანხმდებიან საკომისიოს სანაცვლოდ, ისინი დანაშაულში იღებენ მონაწილეობას და აძლიერებენ ოკუპანტი ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას - აღნიშნა ჩიხლაძემ.
რუსები რომ საქართველოს მოქალაქეებს შავი ფულის გასათეთრებლად იყენებენ, ეს ჯერ კიდევ "შაბათის ეთერის" გუნდის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, როცა გამომძიებელი ჟურნალისტები იატაკქვეშა შავი ბიზნესის შესახებ გიყვებოდნენ.