თამაზ გინტურმა ბოლო სიტყვებით მთელი საქართველოს სათქმელი თქვა - მამუკა ყურაშვილი
გენერალი მამუკა ყურაშვილი "დღის ამბებში" რუსი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის ვეტერანი საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.
მამუკა ყურაშვილი მიიჩნევს, რომ მალე დადგება დრო, როდესაც რუს ოკუპანტებს საქართველოს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება აღარ ექნებათ.
თამაზ გინტურმა ბოლო სიტყვებით მთელი საქართველოს სათქმელი თქვა. იგი არაოკუპაციას და არამონობას შეეწირა. თამაზი იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო ქართველი ოფიცერი, რომელიც კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა, აქედან გამომდინარე მათთვის ყველა ის ადამიანი იყო საფრთხე, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და წინსვლისთვის იბრძვის. იმიტომ მივისწრაფვით ევროკავშირში, რომ ერთხელ და საბოლოოდ საქართველოს მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე დაცული იყოს. მათ ქართულ მიწაზე უსაფრთხოდ არ უნდა იგრძნონ თავი, მალე მოვა დრო და ისინი დაისჯებიან - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ქართველი მამაკაცისთვის პატივის მისაგებად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.