ოპერისა და ბალეტის გაფიცული თანამშრომლები 14 ნოემბერს საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
ოპერის თეატრის გაფიცული თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან - 14 ნოემბერს, 16:30 საათზე პროტესტის რეჟიმში გადასული ხალხი ისევ საკუთარი სამსახურის ეზოში შეიკრიბება.
უკვე მეცხრე დღეა სასცენო დადგმაზე პასუხისმგებელი პირები ადმინისტრაციისგან ხელფასების მომატებას ითხოვენ. სახელმწიფო თეატრის 25-მდე თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარია, რაც გაძვირებული ცხოვრების გამო, არსებობისთვის არავის ყოფნის.
ამ დრომდე ჩვენ მოვითხოვთ დიალოგს და ასევე, 14 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლთან გაიმართება აქცია და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მხარი დაგვიჭირონ, რადგან ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - განაცხადა გაფიცულმა თანამშრომელმა.
სასცენო დადგმაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები იმ ორი პირის აღდგენას მოითხოვენ რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს.
არავინ გამოსულა თეატრიდან და არავინ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით. ჩვენ არ გვეხალისება აქ დგომა, გვაქვს სამართლიანი პროტესტი. მოვითხოვთ ხელფასების ზრდას და იმ ორი თანამშრომლის აღდგენას, რომელიც გაუშვეს სამსახურიდან - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.