გურჯაანის მუნიციპალიტეტმა უფუნქციო პროექტები შეისყიდა და ბიუჯეტიდან 57 400 ლარის არაეფექტიანი ხარჯი გასწია - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 57.4 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,203.4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
ანგარიშში საუბარია ხელშეკრულების ცვლილებით გამოწვეული არაეკონომიური ხარჯის შესახებაც და ნათქვამია, რომ საგზაო სამუშაოების მოწყობის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში მერიამ შესაბამისი დასაბუთების გარეშე შეცვალა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობა და გაზარდა ერთეულის ღირებულებები, რამაც სამუშაოების მოცულობის შემცირება გამოიწვია. შედეგად, ხელშეკრულების პირობები გაუარესდა და მუნიციპალიტეტმა მიიღო დაგეგმილზე ნაკლები პროდუქტი.
დოკუმენტში აღნიშნულია წინასწარი ანგარიშსწორების ხარვეზიც - მერიამ არ დაიცვა ხელშეკრულებით მის მიერვე დადგენილი მოთხოვნები და არ გააკონტროლა შემსრულებლის მიერ ავანსის გამოყენების პროცესი. კერძოდ, დროულად არ მოსთხოვა სადაზღვევო კომპანიას ავანსის თანხა და დაკარგა გარანტირებული 21.3 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.
აუდიტი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების სისტემური ხარვეზი - ჯარიმების დარიცხვისა და ამოღების პროცესი წარიმართა ხარვეზებით და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო 782.2 ათასი ლარის შემოსავალი.
დასკვნა სრულად იხილეთ აქ.