ქართველი სამხედროები თამაზ გინტურის მკვლელების საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვენ
როდის აგებინებენ პასუხს თამაზ გინტურის მკვლელებს? - საჯარო მოწოდებების მიუხედავად, ქართველი სამართალდამცველები რუსი ოფიცრებისთვის ბრალის წაყენებას არ ჩქარობენ. "პირველები" ინფორმაციის დასაზუსტებლად შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელები იდენტიფიცირებული ჯერ არ ჰყავთ.
რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები "პირველებთან" ამბობენ, რომ დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცეს. აქცენტი კეთდება საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზეც. სამხედროებს მიაჩნიათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მდებარე სოფლებთან პოლიციის საგუშაგოები უნდა დაამატონ.
უნდა იყოს პრევენციული ზომები მიღებული იმისთვის, რომ ვერ მოხდეს ასეთი დაუსჯელობის ფაქტები. ამისთვის უნდა გამოიყენონ როგორც საერთაშორისო ტრიბუნალი, უნდა გამოიყენონ ასევე ყველა ხელთ არსებული შესაძლებლობა, ეს იქნება პოლიციური ძალები, ეს იქნება უსაფრთხოება, უშიშროება, თავდაცვის ძალები და ა.შ. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არის მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ, - ამბობს პარტია „რუსთაველის გზის“ ლიდერი აკია ბარბაქაძე.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა ფიქრობს, რომ ხელისუფლება თამაზ გინტურის მკვლელების დასასჯელად არაფერს გააკეთებს. მისი თქმით, არაერთი მსგავსი საქმე ამ დრომდე თაროზეა შემოდებული.
ერთი კვირაც გავიდა, კიდევ ერთიც გავა, შემდეგ ერთი თვეც გავა და ერთი წელიწადიც. სინამდვილეში, არაფერი ქმედითი არ მოხდება. მინდა, ვცდებოდე ამ პროგნოზში, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ვერაფერს და არაფერს გააკეთებს ხელისუფლება. ამ წლების განმავლობაში საქმეები შემოიდო თაროებზე, საქმეები გაიყინა და ხელისუფლება ამ გვარებს არც კი იხსენებს და არც კი ახსენებს, - ამბობს დავით ქაცარავა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე ლომისის ეკლესიასთან მოკლეს. ტრაგიკული შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.