"თავდასხმაში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დავინახე დანას როგორ ურტყამდნენ" - ახალი დეტალები "რატის ბარში" მომხდარ დაპირისპირებაზე

14.11.23 11:16
"თავდასხმაში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დავინახე დანას როგორ ურტყამდნენ" - ახალი დეტალები "რატის ბარში" მომხდარ დაპირისპირებაზე

აფარებს თუ არა ხელს გომელაურის უწყება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს? თბილისის ცენტრში მომხდარი  სისხლიანი გარჩევის შესახებ "ტვ პირველისთვის" ახლი დეტალები ხდება ცნობილი. მოწმე, რომელიც ორი ადამიანის დაჭრას შეესწრო, ყვება, რომ  ჯგუფურ თავდასხმაში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა.

თვითმხილველი ამბობს, რომ დაცვას დაპირისპირებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.

რამდენიმე კაცი მირბოდა და უკან 10-მდე კაცი მიყვებოდა. სამი მეგობარი იყვნენ, როგორც მივხვდი, 20-21 წლის ბიჭები იქნებოდნენ, აქედან ორი მათგანი დაჭრილი იყო, მესამეს კი სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, ძალიან იყო ნაცემი, მეორე ზურგში იყო, გულის მხარეს, ფილტვების მხარეს დაჭრილი და კისრის არეში. თავდასხმაში 10 ან მეტი კაცი იყო, მაგრამ დანა აქედან უშუალოდ რამდენმა კაცმა გამოიყენა, ეგ არ ვიცი. რომ შევამოწმე დანის ნაკვალევს ჰგავდა, ასე რომ ვთქვათ დატრიალებულს ჰგავდა. დაცვა გვერდით ახალ შემსვლელ-გამომსვლელებს ამოწმებდა. მათთვის ყურადღება არც კი მიუქცევია". - ამბობს "პირველებთან" თვითმხილველი. 

კიდევ ერთი პირი, რომელიც სისხლიან დაპირისპირებას შეესწრო, "პირველებთან" ყვება, რომ პირადად დაინახა, როგორ ურტყამდა 2 ადამიანი დანას ორ ბიჭს.

ბარში დაიწყო ეს დაპირისპირება და უმოწყალო დაჩეხვა, როგორც მე დავინახე 2-3 ადამიანი იყო, ვინც დანას ურტყამდა ორ ბიჭს. თავდასხმაში მონაწილეობდა 20-30 პირი. თავიდან ფიზიკური დაპირისპირებით და ხელჩართული ჩხუბით დაიწყო, მაგრამ მერე დაიძაბა სიტუაცია და ცივი იარაღი იქნა გამოყენებული, პირადად, მე გავიგონე დანის გახსნის ხმა". - ამბობს შემსწრე პირი.

"რატის ბარი" მეორე დღეა დალუქული აქვთ სამართალდამცველებს. "პირველების" არაერთი სატელეფონო ზარის მიუხედავად, კომენტარს არ აკეთებს ბარის ადმინისტრაცია.

„რატის ბარში“ მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება - დაკავებულია ერთი პირი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყება ჯერჯერობით არ ამბობს, დაიწყებს თუ არა მოკვლევას,ცემის და ჯგუფური თავდასხმის ფაქტზე.

საკვირაო წვეულება თბილისის შუაგულში სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. გვიან ღამით ბარათშვილზე, რატის ბარში სამი მამაკაცი დაჭრეს. მთაწმინდელებისა და ვერელების დაჯგუფების წევრები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ. "პირველების" ხელშია კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ გარბიან ადგილიდან დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავდამსხმელები.

შეგახსენებთ, რომ "რატის ბართან" მომხდარი ჩხუბის შედეგად 3 ადამიანი დაჭრეს.