ძაღლის გამო დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების ორივე ფიგურანტი საავადმყოფოში რჩება - რას ამბობს ელიზბარაშვილი

15.11.23 11:29
ძაღლის გამო დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების ორივე ფიგურანტი საავადმყოფოში რჩება - რას ამბობს ელიზბარაშვილი

ძაღლის გამო დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების ორივე ფიგურანტი საავადმყოფოში რჩება. დაზარალებულსაც  და სავარაუდო დამნაშავესაც ოპერაცია უკვე გაუკეთდა და რეანიმაციიდან ცოტახნის წინ გამოიყვანეს.

სავარაუდო დამნაშავეს, გურამ ელიზბარაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე წარუდგენენ. ოჯახის ინფორმაციით, გურამ ელიზბარაშვილის გამოკითხვა არ მომხდარა, რადგან მისი მდგომარეობა, თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, მძიმეა. 

ელიზბარაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება მის შვილსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. კონფლიქტის დამწყებად, გურამ ელიზბარაშვილის მამა ყაზახეთის მოქალაქეს ასახელებს და ასევე საუბრობს ორმხრივ სროლაზეც, რის შემდეგ მისი შვილიც დაიჭრა და უცხო ქვეყნის მოქალაქეც.

იმდენად მძიმე იყო მდგომარეობა და იმდენი სისხლი ჰქონდა დაკარგული, ოპერაცია დასჭირდა, გუშინ ღამის პირველზე დასრულდა ოპერაცია. დილით, 9საათზე ასეირნებდა ჩემი შვილი ძაღლს, ყაზახეთის მოქალაქეს არ მოეწონა ძაღლის ამ ტერიტორიაზე სეირნობა და მოსთხოვა ჩემს შვილს, მისი ტერიტორიიდან გაყვანა. ეჭვი მაქვს დაჭრილი არის სხვა იარაღიდან. ბუნებრივი ორმხრივი სროლა იყო. ორი ადამიანი მონაწილეობდა კონფლიქტში, ჩემი შვილი ფეხშია დაჭრილი და მას კოსმოსიდან არავინ ესროდა ხომ?"- ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი. 

 შეიარაღებული თავდასხმა ჟვანიას ქუჩაზე საბავშვო ბაღთან  მოხდა, მიზეზი კი ძაღლი გახდა. 

სავარაუდო დამნაშავე ცნობილი ბიზნესმენის თამაზ ელიზბარაშვილის შვილია. 

გამოძიების ვერსიით, მან ყაზახეთის მოქალაქეს რამდენჯერმე მაშინ ესროლა, როდესაც კაცმა ძაღლის გამო შენიშვნა მისცა, გასროლის დროს კი გომელაურის უწყების ცნობით, გურამ ელიზბარაშვილი საკუთარი იარაღით დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.