ქალი, რომელმაც ბიზნესდავის მოსაგვარებლად პოლიციის ნაცვლად ე.წ. ქურდებს მიმართა, განაჩენს ელოდება
ქალი, რომელმაც ბიზნესდავის მოსაგვარებლად პოლიციის ნაცვლად ე.წ. ქურდებს მიმართა, განაჩენს ელოდება. მასთან ერთად ბრალის დადგენილებას რამდენიმე საათში კიდევ სხვა დაკავებულებსაც გააცნობენ.
დაკავებულია ქურდების 14 კაციანი საძმო. ხელბორკილები დაადეს ერთ ქალსაც, რომელიც ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ვალის ამოღებაში ეხმარებოდა. სპეცოპერაცია ერთდროულად ქვეყნის ხუთ ქალაქში ჩატარდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ დაკავებულები ე.წ კანონიერი ქურდების დავალებით მოქმედებდნენ და ე.წ ობშიაკში ფულის გადახდას ადამიანებს შანტაჟით და მუქარით აიძულებდნენ.
ბიზნეს დავების გარჩევა სასამართლოს ნაცვლად კონსპირაციულ ბინებსა და სკვერებში მიმდინარეობდა. ვერდიქტი ე.წ. კანონიერ ქურდებს გამოჰქონდათ, მისი აღსრულება კი ადგილზე მათ მოკავშირეებს ევალებოდათ. თუ ვინმე "ქურდების" გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა, მაშინ აგინებდნენ და სცემდნენ. დაკავებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა, ნაწილი კი ბრალის წარდგენას ელოდება.