ცხინვალის ე.წ. რეჟიმი ამტკიცებს, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის კონტრაბანდისტები დააკავა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ამტკიცებს, რომ „სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე“ დიდი ოდენობით საწვავისა და საპოხი მასალების გადატუმბვის ბრალდებით ცხინვალში 4 ადამიანი დააკავეს.
უმოქმედო სამელიორაციო სისტემის ერთ-ერთი მილსადენის შიგნით მათ პლასტმასის მილი გაიყვანეს, რომელიც ზედაპირზე საქართველოში ამოდიოდა“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, 14-15 ნოემბრის ღამით დაკავებისას ცხინვალელები დაახლოებით „50 ტონა საწვავს“ ტუმბავდნენ.
კონტრაბანდისტებმა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში შექმნეს საწვავის კონსპირაციული მიმღები და სატუმბი პუნქტი. ამჟამად ისინი აღიარებით ჩვენებას იძლევიან, - აცხადებს დე ფაქტო უწყება.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელთა საფუძველზეც მიიღებდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილებას.
ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოს საწვავ-საპოხი მასალის „სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შეეძლო და „საწვავის ქართულ ბაზარზე არსებით დეფიციტზე“ მიუთითებენ.
КГБ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე სახის დამატებითი ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თხოვნით მიმართავს, დაეხმარონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საზიანოდ საზღვარზე უკანონო ქმედებებში მონაწილე კრიმინალური ელემენტების ქსელის შემდგომ იდენტიფიცირებაში“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებას ქართული მხარე ჯერ არ გამოხმაურებია.