პროკურატურამ დამატებითი სხდომების ჩანიშვნა მოითხოვა - ცდილობენ თუ არა ლაზარეს მეგობარზე ზეწოლას?
ლაზარე გრიგორიადისის საქმე - პროკურატურამ დამატებითი სხდომების ჩანიშვნა მოითხოვა. სახელმწიფო ბრალდება მოთხოვნას იმით ხსნის, რომ მოწმეების სრულად დაკითხვა ვერ მოასწრეს.
გრიგორიადისის ადვოკატი კი ამბობს, რომ პროკურატურას დაკავებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰყოფნის. დაცვის მხარე არც იმას გამორიცხავს, რომ ბრალდებულის მეგობარზე, გიორგი ჯარიაშვილზე ზეწოლა განხორციელდეს.
ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ბრალდების მხარე ხელოვნურად წელავს პროცესებს, იმიტომ რომ ამჯერად უკვე აღარ ჰყავს პოლიციელები და გამომძიებლები დასაკითხი და ჰყავს ნეიტრალური მოწმეები. მათი ასე მოყვანა საკმაოდ რთულია. ფაქტია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე (გიორგი) ჯარიაშვილი დღესაც არ იყო მოყვანილი სასამართლო სხდომაზე. ბრალდების მხარემ გააჟღერა, რომ ამ მოწმეს არ დაკითხავს და დააკითხინებს დაცვის მხარეს. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მოწმეს მოხსნის. რამდენად დაცვის მხარე დაკითხავს ეს ჩვენი გადასაწყვეტია..." - ამბობს გრიგორიადისის ადვოკატი.
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ჯარიაშვილზე ლაზარეს აქვს თავიდანვე დაფიქსირებული გამოკითხვის ოქმში, რომ როდესაც მას კითხავდნენ, თუ იგი არ აღიარებდა წარდგენილ ბრალს, ჯარიაშვილს დააკავებდნენ.
როგორც "პირველების" კორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესები ნოემბრის ნაცვლად დეკემბერში ჩატარდება.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გრიგორიადისის საქმე დღეს, 15 ნოემბერსა და 17 ნოემბერს უნდა განეხილათ. ჯერჯერობით უცნობია, პროცესების ჩატარების ზუსტი თარიღები.