სისხლიანი გარჩევა საბავშვო ბაღთან - პირველი ინტერვიუ გურამ ელიზბარაშვილის ცოლთან
პუდელი "პიპოს" გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირებით დასრულდა - თბილისის ცენტრში ყაზახეთის მოქალაქის დაჭრისთვის გურამ ელიზბარაშვილს ჯერ ბრალი ვერ წარუდგინეს. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ისევ მძიმე მდგომარეობაშია და კლინიკაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
გურამ ელიზბარაშვილის ცოლის, სალომე ივანიშვილი თქმით, რომელიც ასევე მის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ ბრალდებული, მისი მძიმე მდგომარეობის გამო, ჯერ არ დაუკითხავთ.
ჯერ კონტაქტისთვის არ არის მზად. ახალი ნაოპერაციებია, ჯერ ნარკოზიდან არ არის სრულად გამოსული. ჭრილობა რაც ვნახე, საკმაოდ მძიმეა. მისი დაკითხვა ჯერჯერობით არ მომხდარა, არ არის ხელმისაწვდომი საკონტაქტოდ, ვერ კითხავენ ჯერ. ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს ფეხის არეში, რომელმაც საკმაოდ მძიმე დაზიანება გამოიწვია. მის სიცოცხლეს, სავარაუდოდ, საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სტაბილურად მძიმეა, ჩემი შეფასებით და დანარჩენს უკვე ექიმები იტყვიან". - აცხადებს ცოლი.
ერთ-ერთი ვერსიით, სროლის დროს გურამ ელიზბარაშვილმა დაზიანება საკუთარი იარაღით მიიყენა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ცეცხლი ყაზახეთის მოქალაქემ გაუხსნა.
შეიარაღებული თავდასხმა ჟვანიას ქუჩაზე საბავშვო ბაღთან მოხდა, მიზეზი კი ძაღლი გახდა.
სავარაუდო დამნაშავე ცნობილი ბიზნესმენის თამაზ ელიზბარაშვილის შვილია.
გამოძიების ვერსიით, მან ყაზახეთის მოქალაქეს რამდენჯერმე მაშინ ესროლა, როდესაც კაცმა ძაღლის გამო შენიშვნა მისცა, გასროლის დროს კი გომელაურის უწყების ცნობით, გურამ ელიზბარაშვილი საკუთარი იარაღით დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.