ახალი დეტალები დმანისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე - 18 წლის ბიჭი "შტირით" მოკლეს

16.11.23 11:09
ახალი დეტალები დმანისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე - 18 წლის ბიჭი "შტირით" მოკლეს

"პირველებმა" დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში ჩადენილი სასტიკი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ 18 წლის ბიჭი საფეხბურთო მოედანზე მოკლეს. 

ადგილობრივების თქმით, ჯგუფურ დაპირისპირებაში დაახლოებით ათამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. 18 წლის მოკლული ბიჭი სახლიდან, სავარაუდოდ, სამმა პირმა საქმის გარჩევის მიზნით გამოიყვანა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ბოლოს კი მკვლელობით დასრულდა. 

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად სკოლაში ბულინგი სახელდება. ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, ჩხუბისას ერთი მათგანი 18 წლის ბიჭს ხელებს უჭერდა მაშინ, როდესაც 15 წლის მოზარდი სასიკვდილო ჭრილობებს გულის არეში აყენებდა.

მოკლული 18 წლის ბიჭი ელვინ გუსეინოვია, რომელიც მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

სამი კაცი არის და ძმაკაცები არიან ჩემი ბიძაშვილის. მანამდე არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა მათ შორის. ვინც დაარტყა 15 თუ 16 წლის არის და დანარჩენები 19-20 წლის. ისინი არ დაუკავებიათ, მხოლოდ მკვლელი დააკავეს. დანა არ დაურტყამს, "შტირი" დაარტყა" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.