ქურდების "საძმოს" სასამართლო - რას გადაწყვეტს მოსამართლე?

16.11.23 12:01
ქურდების "საძმოს" სასამართლო - რას გადაწყვეტს მოსამართლე?

ქურდების საძმო მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია - ამ წუთებში ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოა. ბოლო დროის, ყველაზე გახმაურებული საქმის ბრალდებული პირები უკვე სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.

რა აქვთ სათქმელი და რით იმართლებენ თავს ადამიანები, ვისაც ქურდული სამყაროს მიმართვის გარდა, ბიზნეს რეკეტს, გამოძალვასა და ე.წ. ობშიაკის შეგროვებას ედავებიან, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.  განსასჯელის სკამზე ზის ქალიც, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად, ქურდებს მიმართა. 

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ანთიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმესთან შემხებლობა არ დასტურდება.

ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, ვინაიდან სხვა კუთხით წარმოუდგენელია, რაიმე სახის პოზიცია დააფიქსიროს, რადგან წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის რაიმე შემხებლობა საქმესთან. უშუალოდ მე ვისაც ვიცავ, ყველასთან უარყოფს ნაცნობობას, ვერ უარყოფს მხოლოდ მეზობლის ნაცნობობას. მეზობელი არის საქმეში გამავალი ერთ-ერთი პირი და ნამდვილად იცნობს. არ არის დაკავებული, თუმცა საქმის მასალებში გარკვეული შემხებლობა აქვს - აღნიშნა გიორგი ანთიძემ.

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.