ესპანეთში ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს

16.11.23 16:02
ესპანეთში ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს

ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ე.წ ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს. ირკვევა, რომ სპეცოპერაცია ესპანეთის ოთხ ქალაქში - ბარსელონაში, ესტეპონაში, მარბელაში და ალიკანტეში 2 დღის წინ ჩატარდა. 

დაკავებულებს საცხოვრებელი სახლების ძარცვას და ფულის გათეთრებას ედავებიან.

ირკვევა, რომ მასშტაბურ სპეცოპერაციაში ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და FBI-ის 350-მდე აგენტი იღებდა მონაწილეობას. 

სპეცოპერაციის დროს, ხელბორკილები დაადეს ქალებსაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქართველები ესპანეთიდან ნაქურდალ ნივთებს სამშობლოში გზავნიდნენ.

ესპანელი სამართალდამცველები გავიდნენ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის კვალზეც, საიდანაც ამოღებულია დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, საათები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნაქურდალი ნივთები საქართველოში საფოსტო კომპანია "სამებას" მეშვეობით იგზავნებოდა. ამ კომპანიას ფილიალები აქვს, როგორც საფრანგეთში, ესპანეთსა და საქართველოში. 

"სამებაში" "პირველებს" უთხრეს, რომ მათთვის უცნობია, რა ნივთები იგზავნებოდა საქართველოში მათი კომპანიის საშუალებით.