გათავისუფლდნენ თუ არა ესპანეთში დაკავებული ე.წ ქართული მაფიის წევრები - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

16.11.23 20:30
გათავისუფლდნენ თუ არა ესპანეთში დაკავებული ე.წ ქართული მაფიის წევრები - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

 

ესპანეთში ე.წ ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს, მათ შორის ქალებიც. ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და FBI-ის აგენტების მონაწილეობით მასშტაბური სპეცოპერაცია ოთხ ქალაქში ჩატარდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქართველების დაჯგუფების წევრები საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ და ნაქურდალ ძვირადღირებულ ნივთებს საქართველოში აგზავნიდნენ. 

დადგენილია ერთ-ერთი ასეთი კომპანია, საიდანაც სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ოქრო და საყოფაცხოვრებო ნივთები ამოიღეს. ბარსელონა, ათენი და შემდეგ უკვე თბილისი. ტვირთი, რომელიც გამოძიებამ საეჭვოდ მიიჩნია, საქართველოში ჩამოსვლამდე სამ ქვეყანას გადიოდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სად მიდიოდა ნაქურდალი ნივთები. 

ათენში, გადამზიდი კომპანია "სამება თბილისის" ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ესპანეთიდან ათენის გავლით საქართველოში ამანათები კვირაში რამდენიმეჯერ იგზავნებოდა.

გიორგი გაგუას ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია "სამება თბილისის" ესპანეთის ფილიალის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, დაკავებული 31 წევრისგან, პოლიციამ მხოლოდ 8 ადამიანი დაიტოვა, დანარჩენი კი გამოუშვა, მათ შორის მათი უფროსიც.

ესპანეთიდან ჩემამდე მოდის ამანათები და მერე საქართველოში ვაგზავნი. ვინც ჩვენიდან ნივთებს აგზავნიდა, ის გამოშვებულია. შეცდომით აიყვანეს და გამოუშვეს მეორე დღეს. ყოველ კვირა აგზავნიდნენ ესპანეთიდან ნივთებს. რაც გამოუშვეს, იმის მერე არ დავლაპარაკებივარ, ტელეფონი არ აქვს როგორც ვიცი ჯერ. სადღაც რამდენიმე საათი იყო დაჭერილი, ერთი დღეც არა. 30 კაცამდე იყო დაკავებული, 8 დაიტოვეს, დანარჩენი გამოუშვეს. ქალებიც იყვნენ როგორც ვიცი". - ამბობენ გადამზიდ კომპანიაში.