შანტაჟი პირადი ცხოვრებით სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში - პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა

17.11.23 16:54
შანტაჟი პირადი ცხოვრებით სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში - პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა

შანტაჟი პირადი ცხოვრებით სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში - საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც  თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ოთხი პირი გაამართლა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულებმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ განახორციელეს პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების მუქარა, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგად დაზარალებული აიძულეს სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის განცხადება დაეწერა. 

ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თავის მოკვლა სცადა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. 

პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 169-ე მუხლით (შრომის კანონმდებლობის დარღვევა) წარუდგინა.  
ბრალდებულები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან. 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, რომელზეც გამოძიებას  სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.  აღნიშნული გამოძიების ფარგლებში  ორივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა  მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი და მიმდინარეობს გამოძიება".- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმე ეხება 2022 წლის აპრილში მომხდარ შემთხვევას. სკოლის დირექტორს მასწავლებელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟში ადანაშაულებს. მძიმე შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 

ეჭვმიტანილი კაცის წინააღმდეგ მძიმე ბრალდება პედაგოგმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც მისი მტკიცებით, ვიდეოები სხვა პედაგოგებსაც გაეგზავნათ და მასალა სკოლაში საგაკვეთილო პროცესების დროს ვირუსულად გავრცელდა.