"ჩვენ დასაკარგავი ახალგაზრდები არ გვყავს" - ფოთი უკრაინაში გმირულად დაღუპულ მებრძოლს გლოვობს

18.11.23 13:23
"ჩვენ დასაკარგავი ახალგაზრდები არ გვყავს" - ფოთი უკრაინაში გმირულად დაღუპულ მებრძოლს გლოვობს

ფოთში გლოვაა. როგორც ირკვევა, უკრაინაში გმირულად დაღუპული ნიკოლოზ გელენიძის ცხედარი ცხელი წერტილიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს.

"პირველების" ინფორმაციით, გარდაცვლილს ორშაბათს კიევში, ხოლო შემდგომ კი საქართველოში გადმოასვენებენ. აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა ბიჭს რამდენიმე დღიანი სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ბიჭის ახლობლების თქმით, იგი უკრაინაში რამდენიმე თვის წინ წავიდა და ფრონტის წინა ხაზზე გმირულად იბრძოდა.

როგორ მოხდა და რანაირად, არ ვიცი მე. უკრაინაში დაიღუპა, მე მგონი ნაღმზე აფეთქდა, გარდაცვლილების ცხედრების გამოსაყვანად იყო გასული. რა თქმა უნდა, გმირია. ჩვენ დასაკარგავი ახალგაზრდები არ გვყავს და მითუმეტეს დაიღუპა ბავშვი, ახალგაზრდა ბავშვი, 31 წლის, ძალიან კარგი ოჯახის შვილი", - აღნიშნა ერთ-ერთმა ნათესავმა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ინფორმაციას "პირველებს" უკრაინაში მებრძოლი ქართველები უდასტურებენ.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ის უკრაინაში ორი კვირის წინ მოკლული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსაყვანად ბახმუტის მისადგომებთან შედიოდა.