15 წლის მოზარდი დანაშაულს არ აღიარებს - სკოლელის მკვლელობაში ბრალდებული მოსწავლე მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა
15 წლის დმანისელი მოზარდი დანაშაულს არ აღიარებს. თანასკოლელის მკვლელობაში ბრალდებული სკოლის მოსწავლე მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა.
რა თქვა მოზარდმა განსასჯელის სკამიდან ეს უცნობია, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება და პროცესიც დახურული იყო, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ სავარაუდო ბულინგის მსხვერპლი ბიჭი თავს იცავდა. საბედისწერო საღამოს ჩხუბის მომენტში ბრალდებული წაიქცა და თავდაცვის რეჟიმის დროს 18 წლის ბიჭი შემოაკვდა.
ვინაიდან ბავშვი არის არასრულწლოვანი, არ აღიარებს. მას არ ჰქონდა განზრახვა, რომ მოეკლა დაზარალებული. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო, რადგან იგი მოქმედებდა თავდაცვის რეჟიმში, ვინაიდან ის იყო ძალადობის მსხვერპლი. მას სცემდნენ სრულწლოვანი ადამიანები. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მის მიმართ გამოყენებულიყო გირაო და სხვადასხვა დამატებული ვალდებულებები, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია, რასაც ჩვენ გავასაჩივრებთ. მის მიმართ ბულინგის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. მას არ ჰქონდა იარაღი, უბრალოდ ცემის დროს, როდესაც ის წაიქცა მიწაზე, ხელში რაც მოხვდა, თავდაცვის მიზნით აიღო საგანი, რომლითაც მიაყენა დაზიანება გარდაცვლილს", - ამბობს ადვოკატი.
საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რაც ადასტურებს, რომ 15 წლის ბრალდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
პროკურატურის თქმით, დანაშაულს თანამონაწილეები არ ჰყავდა და მომხდარს მხოლოდ ერთი დამნაშავე ჰყავს.
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები. ესენი გახლავთ სამი თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ კონფლიქტში გამშველებლის როლში. მათი ჩვენებიდან ცალსახად დასტურდება, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მან რეალურად ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. დანაშაულს თანამონაწილეები არ ჰყავდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაული სწორედ იმ ერთმა, არასრულწლოვანმა პირმა ჩაიდინა, რომლის მიმართაც დღეს სასამართლომ გამოიყენა აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა", - ამბობს პროკურორი.
დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭი ცოტა ხნის წინ დაკრძალეს სოფელ ამამლოში. ის უკანასკნელ გზაზე ოჯახმა და მთელმა სოფელმა გააცილა.
ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ჰუსეინოვები ამტკიცებენ, რომ მათი შვილი სასიკვდილოდ რამდენიმე მოზარდმა გაიმეტა. ოჯახი ამბობს, რომ სოფლის მეჩეთთან, მსხვერპლს ხელებით ორი ადამიანი იჭერდა, რა დროსაც სკოლის მოსწავლემ ე.წ შტირით ელვინ ჰუსეინოვი მოკლა.
18 წლის ბიჭი დმანისში 15 ნოემბერს მოკლეს.