გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქციაზე 11 პირი დავაკავეთ - შსს

18.11.23 20:25
გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქციაზე 11 პირი დავაკავეთ - შსს

გარემოს დაცვის სამინისტროსთან 11 პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათი თქმით, ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.

როგორც უწყებაში ამბობენ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა და დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 13 პირი.

აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აცხადებს შსს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანიცაა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და იქ კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც  სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.

ამის შემდეგ რაჭიდან პროტესტისთვის ჩამოსულმა ადამიანებმა გარეთ, სამინისტროსთან სცადეს კარვების გაშლა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს და ამბობენ, რომ არ წავლენ მანამ, სანამ კონკრეტული პირები არ გავლენ და პასუხებს არ გასცემენ, თუ რატომ გადაეცა ერთ კონკრეტულ პირს რაჭის ტყეები.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით იმართება. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში კოლონებით დღეს ჩამოვიდნენ.