ექსკლუზივი: პოლიციელის საბედისწერო გასროლა - რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე დეტექტივი?!
"შაბათის ეთერის" მორიგი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - ვინ მიიყვანა მოქმედი პოლიციელი თვითმკვლელობამდე?
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ე.წ. ლოპოტას ხიდზე, სოფელ ნაფარეულის დეტექტივ -გამომძიებელმა, ბიძინა იმერლიშვილმა თვითდაზიანება სამსახურებრივი იარაღიდან მიიყენა.
თვითმკვლელობის მცდელობას კი "შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, ბიძინა იმერლიშვილსა და ნაფარეულის პოლიციის უფროსს შორის დაპირისპირება და კონფლიქტი უძღოდა. სოფელში ამ ამბავზე ყველა ლაპარაკობს, თუმცა კამერებთან საუბარს ერიდებიან.
ყველაფერი 4 ნოემბერს საღამოს დაიწყო, იმ დღეს ბიძინა იმერლიშვილი ისვენებდა, სახლიდან საღამოს 6 საათზე ავტომობილით გავიდა, თან წაიღო სამსახურებრივი იარაღიც, მშობლებს უთხრა, რომ უკან მალე დაბრუნდებოდა.
სახლიდან გასულმა იმერლიშვილმა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გაიარა. ერთ-ერთი ვერსიით, იმ დღეს პოლიციის შენობაში თანამშრომლები ქეიფობდნენ. სუფრაზე მივიდა იმერლიშვილიც, წყაროს ინფორმაციით, სწორედ აქ დაიწყო ჩხუბი მასსა და პოლიციის უფროს თორნიკე რაიბულს შორის.
ნაფარეულის პოლიციაში უფროსსა და დეტექტივს შორის დაპირისპირების ფაქტზე არაფერს ამბობენ, თუმცა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, თორნიკე რაიბულთან ჩხუბის შემდეგ ბიძინა იმერლიშვილმა პოლიციის შენობა დატოვა, რამდენიმე წუთში კი სოფელში გასროლის ხმა გაიგეს. იმერლიშვილმა ჭრილობა პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრში, ხიდზე მიიყენა.
გახდა თუ არა თვითმკვლელობის მცდელობა პოლიციის უფროსთან ჩხუბი? - დაჭრილის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი და პოლიციის მაღალჩინოსანი ბავშვობის მეგობრები არიან.
დაჭრილი პოლიციელის ოჯახი უარყოფს, თუმცა თვითმკვლელობის მცდელობა რომ პოლიციის უფროსთან მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, ამ ვარაუდს „შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული რამდენიმე გარემოება ამყარებს.
პირველი - მომხდარიდან მეორე დღეს, "მელაძის შაბათის" ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ თორნიკე რაიბული დააქვეითა - პოლიციის უფროსის პოსტიდან მოხსნეს და სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.
პოლიციის უფროსის დაქვეითების პარალელურად კი გამოძიება დეტექტივის დაჭრის ფაქტზე, გენერალურმა ინსპექციამ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ძიების დროს კი თორნიკე რაიბულს უფლებამოსილება შეუჩერეს.
რა მოხდა 4 ნოემბერს ნაფარეულის პოლიციის განყოფილებაში, რატომ დაიწყო კონფლიქტი - დეტალები მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში.