კოსტა სანიკიძე თავდამსხმელმა საკუთარი სახლის ეზოში დაჭრა - "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია
ექიმები ამ წუთებში კოსტა სანიკიძის გადარჩენას ცდილობენ, რომელიც გამთენიისას მუცლის არეში დაჭრეს. მსახიობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს შეიარაღებულმა პირებმა ჩასაფრება სახლთან მოუწყვეს. თავდამსხმელი პოლიციამ ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.
ირკვევა, რომ კოსტა სანიკიძეს კარზე დაახლოებით დილის 6 საათზე დაუკაკუნეს. კარის გაღებისას მას მამაკაცი დახვდა, რომელიც მახიობის სახლის ეზოში შეიჭრა და სანიკიძე ცივი იარაღით დაჭრა.
მეზობლები ყვებიან, რომ სანიკიძე თავდამსხმელს არ იცნობს. ირკვევა აღნიშნული მამაკაცი სანიკიძეზე თავდასხმას ადრეც შეეცადა, თუმცა მაშინ სახლი შეეშალა და მეზობელტან შეიჭრა, რომელმაც მისი მოგერიება მოახერხა. მაშინ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა თავდამსხმელის იდენტიფიცირება პოლიციამ ვერ შეძლო.
პირველად იყო მცდელობა, აერია სახლი, კარის მეზობელთან შევიდა და მაგის შემდეგ იყო გამოძიება დაწყებული. ახლა უკვე აღარ აერია სახლი, პირდაპირ მასთან მივიდა და რაც მოხდა, მოხდა კოსტას ეზოში. არ ვიცით, ვინაა ეს ადამიანი და რა მოტივი ჰქონდა, - ამბობს მეზობელი.
თბილისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ამბავზე პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მამაკაცს 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება.