ფსიქოტროპულის რეცეპტები ფულის სანაცვლოდ - კახეთში ექიმები დააკავეს
კახეთში ექიმები დააკავეს. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები ფულის სანაცვლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს გასცემდნენ, ამას კი სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევების გარეშე აკეთებდნენ.
დანაშაულში ორი ადამიანია მხილებული. ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის დროს აიყვანა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.