მოზარდი, რომელსაც გორგასლის ქუჩაზე სატვირთო დაეჯახა, გარდაიცვალა
16 წლამდე მოზარდი, რომელსაც გორგასლის ქუჩაზე (კალანდაძის ქუჩის დასაწყისში) სატვირთო დაეჯახა, გარდაიცვალა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ გაჩერებული ტრაილერი მოულოდნელად დაგორდა და მოზარდი მოიყოლა.
გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი ტრაგედიები აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად ხდება, რადგან დატვირთული ავტომობილების გადაკვეთას ადგილზე არავინ აკონტროლებს.
"16 წლის ბავშვი იყო, ზედ იდგა ამხელა მანქანა. მაგ კომპანიას რამდენიმე ხნის წინ კიდევ დაუგორდათ მანქანა, მაშინ მოძრაობა არ იყო აქ და მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, მართლა უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამას ქვეყანა არ ჰქვია", - ამბობს ადგილობრივი.
ორთაჭალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერიაც აქვეყნებს განცხადებას და აცხადებს, რომ ადგილზე (კალანდაძის ქუჩის მოპირდაპირედ) სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
"გაცნობებთ, რომ კრწანისის ქუჩაზე(კალანდაძის ქუჩის მოპირდაპირედ) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე მუშაობდა კომპანია "იბერი". კალანდაძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, არანაირი შეხება არა აქვს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებთან," - აცხადებს მერია.
უბედური შემთხვევა თბილისში გორგასლის 41 ნომერში რამდენიმე საათის წინ მოხდა.