ყაზბეგის მერმა მოქალაქე კრიტიკული FB სტატუსის გამო ცემა - გამოძიება არ დაწყებულა

22.11.23 11:02
ყაზბეგის მერმა მოქალაქე კრიტიკული FB სტატუსის გამო ცემა - გამოძიება არ დაწყებულა

ყაზბეგის მერმა მოქალაქე ცემა - "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურ ავსაჯანიშვილმა თანასოფლელს სოციალურ ქსელში დაწერილი ერთი პოსტი არ აპატია, ჯერ საქმე ქუჩურად გაურჩია, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

საუბარია, პირზე, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა და ღიად ამბობდა, რომ მათ, ვინც პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. 

წყაროს ინფორმაციით, ძალადობის ფაქტი,  სოფელ არშაში, გუშინ, გასვენებაში მოხდა, სადაც მერმა თანასოფლელი სამგლოვიარო  ცერემონიის დროს, ათობით მოწმის თვალწინ ცემა.

დაზარალებული იმ ორგანიზაციის წევრია, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. 

მერი არც კი გამომკითხეს და ცემის ფაქტზე  გამოძიებაც კი არ დაიწყეს.

ახალგაზრდული კოალიცია "ხევის" წევრები "პირველებს" ეუბნებიან, რომ ყაზბეგის მერიაში ადამიანები სათითაოდ დაიბარეს და მოსთხოვეს, ხელი მოეწერათ თანხმობის დოკუმენტზე, რომ თითქოს მოსახლეობა კამარა ჰესის მშენებლობის მომხრესა. 

 "ხევის" წევრები ეჭვობენ, რომ მაღალჩინოსნების ჩართულობით, მოსახლეობის ხელმოწერები გაყალბდა. 

ადგილობრივი ხელისუფლება ღიად ლობირებს კერძო ინტერესებს, ეს პროექტი და ინვესტიცია ქვეყნისთვის არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს"- ამბობს უფლებადამცველი. 

 "პირველები" დაზარალებულსაც ესაუბრა, თუმცა მან ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ თემაზე საუბარი არ სურს. 

რაც შეეხება ბაკურ ავსაჯანიშვილს, მერმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საჯარო პირი ამტკიცებს, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

საჯარო პირი ირწმუნება, რომ მისი მხრიდან კონკრეტული კერძო კომპანიის ლობირებას ადგილი არ ჰქონია. 

ამის პარალელურად კი "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ 27-28 ნოემბერს ყაზბეგში აქცია გაიმართება - მოქალაქეები კამარა ჰესის მშენებლობას გააპროტესტებენ.