სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება იმერეთში - 140 ლიცენზიანტიდან 56 "ოცნების" შემწირველია
იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწირველია ან/და სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული. ლიცენზიები მიიღეს მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, კომპანიები, რომლებიც მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს, "ქართულ ოცნებასთან" არიან დაკავშირებულნი.
კერძოდ, ვანის საკრებულოში "ოცნების" წარმომადგენლის ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ B.P.TRANS 2019-2021 წლებში 26 226 116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. როგორც ირკვევა, პაიკიძის შვილის ნათლია სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია.
ვანის საკრებულოს წარმომადგენლის პარტნიორია შპს "ჯორჯიან ენერჯი", რომელსაც 2014-2023 წლებში 31 562 630 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული.
ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი კომპანიაა ა(ა)იპ "ასოციაცია ატუ", რომლის დირექტორმა და გამგეობის წევრებმა - როსტომ ჩაბრაძემ, ეთერ დემინაშვილმა და ბიჭია დემეტრაშვილმა ჯამურად 168 000 ლარი შესწირეს "ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილის კომპანიას.
მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”, რომლის ამ გზით მიღებული შემოსავალი არის 446,673,239 ლარი. კომპანიის მეწილე, გიორგი კალანდაძე (25%) ამავდროულად არის პარლამენტარ ბექა ოდიშარიას პარტნიორი შპს-ში “ძველი დედაქალაქი”;
ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “კავკასენერგოს”, რომლის 100% წილის მფლობელს, გიორგი მოლაშხიას 100,000 ლარი შეუწირავს მმართველი პოლიტიკური პარტიებისთვის და 28,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. გიორგი მოლაშხიას ბიზნეს-პარტნიორი სხვა კომპანიაში (შპს “ტრანს სერვის”) არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძე. იგი “პატრიოტთა ალიანსის” სიით გახდა დეპურტატი - აღნიშნულია განცხადებაში.