ეროვნულ ინტერესებს საქართველოში იცავს ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ საქართველოს მეგობრები - თინა ბოკუჩავა

23.11.23 17:14
ეროვნულ ინტერესებს საქართველოში იცავს ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ საქართველოს მეგობრები - თინა ბოკუჩავა

ევროპარლამენტარებმა ერთი დოკუმენტით გააკეტეს ის, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა - ასეთია ოპოზიციის შეფასებები მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. 

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ თამაზ გინტურის მკვლელების "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანას პარლამენტში სწორედ ოპოზიცია ითხოვდა.

მისი თქმით,  ევროპარლამენტის მოთხოვნა ადასტურებს, რომ "საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავს საქართველოში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები": 

"სწორედ ამ სულისკვეთებით ოპოზიციამ პარლამენტში სრული ოპოზიციური მხარდაჭერით და კონსენსუსით დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა თამაზ გინტურის მკვლელების "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანას და შემდეგ ყველა საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებას იმისთვის, რომ დამნაშავეებზე დაწესებული იყოს სანქციები. ეს იყო სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა, რაც კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დღეს იცავს საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები, მათ შორის ევროპაში, კერძოდ ევროპარლამენტში მაშინ, როცა გვყავს ხელისუფლება რომელიც ღიად პრორუსულ, კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ატარებს და არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს, როგორც აღმასრულებელ ორგანოს მიმართა, რომ დაწესდეს სანქციები კონკრეტულ პირებზე, დამნაშავეებზე, მკვლელებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირებზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.