"ეგ ერთი შვილი მყავს, დამეხმარეთ" - პირველი ინტერვიუები ქართველი ჯარისკაცების ოჯახებთან, ვინც რუსებმა ტყვედ აიყვანეს

24.11.23 11:05
"ეგ ერთი შვილი მყავს, დამეხმარეთ" - პირველი ინტერვიუები ქართველი ჯარისკაცების ოჯახებთან, ვინც რუსებმა ტყვედ აიყვანეს

პირველი ინტერვიუები იმ ჯარისკაცების ოჯახებთან, ვინც რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ირკვევა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი მებრძოლების ნათესავებთან მთავრობიდან კავშირზე არავინ გასულა და არავის მოუკითხავს.

გიორგი შუბითიძის და გიორგი გოგლიძის დედები დახმარებას ითხოვენ

ჩემი ერთადერთი თხოვნა ის არის, რომ თუკი ვინმეს შეუძლია, რომ ჩემი შვილი უვნებლად დამიბრუნდეს და გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, როგორ არის და დამეხმაროს. არავინ დამხმარებია, ერთადერთი ვინც არის, არის წითელი ჯვარი, ვისაც შევეხმიანე და ვისგანაც მივიღე ის, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა გამაგებინონ, რა მდგომარეობაშია ამ წუთებში",- ამბობს დედა.

ქართველი სამხედროები, რუსმა ოკუპანტებმა საინფორმაციო ომის ინსტრუმენტად აქციეს, ლამის ყოველდღე სხვადასხვაა  პროპაგანდისტულ მედიაში მათი ვიდეოები ვრცელდება. ყოველ ახალ ჩანაწერში კი გიორგი შუბითიძეს და გიორგი გოგლიძეს სულ უფრო მეტი დაზიანება და ძალადობის კვალი ეტყობათ.

დედებს აინტერესებთ, როგორია მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა და იხვეწებიან, რომ შვილები ცოცხლები დაუბრუნდეთ.

ვეხვეწები წითელ ჯვარს, რომ დაეხმარონ და გამოიყვანონ. ვისაც შეუძლია მაგ საქმეზე დახმარება, ყველას ვთხოვ, დაეხმარონ და გამოიყვანონ, მე მაგის მეტი არავინ მყავს, ეგ ერთი შვილი მყავს", - ამბობს დედა.

რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ქართველი ტყვეები. პუტინის მედია გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის დაკავების  კადრებს ავრცელებს. გაკოჭილ მებრძოლებს სასტიკად ეპყრობიან, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეები არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ. რუსული "ენ ტე ვე" კი ერთ-ერთი მებრძოლის მორიგ ჩვენებას აქვეყნებს, სადაც გიორგი შუბითიძე ყვება, რომ ის მაიდანის მოვლენებში სააკაშვილის თანაგუნდელებმა ჩართეს და უკრაინელების მკვლელობა დაავალეს. 

ეს ვიდეო უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ქართველი ტყვეები უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფებიან და მათ აიძულებენ წინასწარ დაწერილი ტექსტები იკითხონ. დანამდვილებით იციან, რომ შუბითიძეს კიევის მაიდანთან შეხება არ ქონია. ამ ფონზე კი დღემდე უცნობია რას აკეთებს ქართული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. დღემდე საგარეო უწყება ერთი, ისიც არაოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა.