"მეორედ მომიკლეს შვილი, არ გავჩერდებით!" - კაცის მკვლელობისთვის გასამართლებულ პოლიციელს სასჯელი გაუნახევრეს
30 წლის ზურაბ გველესიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პოლიციელს სასჯელი გაუნახევრეს. უპრეცედენტო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ წელიწად ნახევრიანი განხილვისა და ორ ინსტანციაში დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ მიიღო. არ არის გამორიცხული, რომ ერიკ წურწუმიამ ციხე რამდენიმე თვეში დატოვოს. ეს ფაქტი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა გარდაცვლილი კაცის ოჯახისთვის.
გველესიანები გაჩერებას არ აპირებენ. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში.
ადვოკატს უნდოდა, რომ ჩვენ საპროცესოს სანაცვლოდ თანხა აგვეღო. რა თქმა უნდა, ჩვენ უარი ვუთხარით. არაფრის გამო, უდანაშაულო ადამიანი მოკლა და 3 წელი? წელიწადი და 7 თვეა ზის, ანუ გამოვა ახლა, ან უკვე გამოსულია, გამორიცხული არ არის და ჩემს ოჯახს, შვილებს უნდა გვეშინოდეს. ჩათვალეთ, რომ ჩვეულებრივი მკვლელი, მოძალადე დაიარება კიდევ ქუჩაში. მეორედ მომიკლეს შვილი, თქვენ არ იცით რა გვიქნეს. ხო ერთხელ გამანადგურეს, შვილი მომიკლეს და გამანადგურეს, ახლა მეორედ გამიკეთეს ეს. როგორ უნდა იარო და როგორ უნდა გაუშვა შვილი გარეთ და როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაში. მსგავსი უსამართლობა მე არ მინახავს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქვე დაალაგეს ყველაფერი ამ ნაძირლებმა და სახეში ნაცარი შემომაყარეს. არ ვიცი რად ჩამთვალეს, ცარიელ ადგილად ჩამთვალეს, არც მოქალაქე ვარ, არც არავინ ვარ? ეს იყო ჩვეულებრივი გამოუძიებელი საქმე, გამოიძიონ, არსებობს ახალი გარემოებები, მათ ჩემზე კარგად იციან ეს და გამოიძიონ ეს საქმე ახლიდან. მე ამაზე არ გავჩერდები, აბსოლუტურად ყველა ინსტანციას მივმართავ". - ამბობს მოკლულის დედა.
ერიკ წურწუმიას ადვოკატი თეონა გვაზავა ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
ის მოქმედებდა კანონის ფარგლებში . ერიკ წურწუმიას არ გამოუყენებია ცეცხლსასროლი იარაღი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, გასროლა განხორციელდა გაუფრთხილებლობით. თუმცა, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ერიკ წურწუმიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია გაუფრთხილებლობით ქმედებასაც კი, ვინაიდან საგამოძიებო უწყების მიერ წარმოდგენილი არაერთი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გველესიანი წინააღმდეგობას უწევდა ერიკ წურწუმიას, აყენებდა ფიზიკურ დაზიანებას, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნებით, ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას, შეიარაღება არ სჭირდება". - ამბობს გვაზავა.
საქმე გასულ წელს წყნეთში გასული წლის 18 აპრილს მომხდარ დანაშაულს ეხება. გუდიაშვილის ქუჩაზე, პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა გომელაურის უწყების ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციის დროს ტყვია შემთხვევით გაუვარდა. წურწუმიას სასჯელის ნაწილი უკვე მოხდილი აქვს.