ნუ გაჩუმდებით! ეს მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემაა - ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობაზე
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღს მნიშვნელობა გაეროს გენერალურმა ასაბლეამ მიანიჭა. ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.
ნუ გაჩუმდებით! ეს მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემაა - ამ დღესთან დაკავშირებით, ასეთია ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ქართველი ქალებისადმი.
“დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად.
ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მძიმე დარღვევა.
საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამის ორგანოებთან ერთად დაცვისა და პრევენციის გაძლიერების გზით ვმუშაობთ. ხელს ვუწყობთ საიმედო დამხმარე სერვისების შექმნას, როგორიცაა თავშესაფრები და გადარჩენილთათვის თავშესაფრის შემდგომი დახმარება. ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, არასათანადო დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე, ასევე გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევაზე.
დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი: ნუ გაჩუმდებით! ეს არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში – ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა”- აცხადებს ჰერჩინსკი.