20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმე - ექიმი სასამართლო პროცესის მოლოდინშია

25.11.23 11:08
20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმე - ექიმი სასამართლო პროცესის მოლოდინშია

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთევან ცერცვაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.  მედიკოსს სამსახურეობრივ დაუდევრობას ედავებიან, რამაც 20 წლის კოვიდ-ინფიცირებული ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია.  ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის მოთხოვნით, პროკურატურა იძულებული გახდა მოქმედებაზე გადასულიყო.  საბრალდებო სკამზე ერთი ექიმი ზის, თუმცა ოჯახი მოითხოვს დაისაჯონ სხვებიც.

ოჯახის მტკიცებით, მათ მიერ მოგროვებული ფაქტები და მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხუთი დღის განმავლობაში 193 ამპულა ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ფენტალინი და 67 ამპულა კიდევ სხვა ძლიერ მოქმედი პრეპარატი ჰქონდა გაკეთებული.

ჩემი შვილი პირველ სართულზე დაამძიმეს, ალბათ მიზანმიმართულად. ექიმები არ შედიოდნენ, არ აქცევდნენ ყურადღებას. ამ ექიმმა ვერ განსაზღვრა რა იყო ბაქტერიული მკურნალობა და რა ანტივირუსული. უამრავია მასალებია იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა პირველ სართულზე მომუშავე მედ-პერსონალის მიმართაც დაიწყოს საქმე და წარედგინოთ ბრალდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დანიშნულია უამრავი ექსპერტიზა. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ". - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელი მამა. 

პროკურატურის ცნობით, "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.