"ბავშვების ქორწინება უნდა ჩაითვალოს ბავშვზე ძალადობის ფორმად" - ქალთა უფლებადამცველების აქცია რუსთაველზე

25.11.23 15:28
"ბავშვების ქორწინება უნდა ჩაითვალოს ბავშვზე ძალადობის ფორმად" - ქალთა უფლებადამცველების აქცია რუსთაველზე

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრში აქცია იმართება.

საქართველოში არასრულწლოვნების უფლებები არ არის დაცული, სახელმწიფო ვერ იცავს არასწრულწლოვან გოგონებს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისგან და სექსუალური ქმედების დანაშაულისგან - ეს არის ერთ-ერთი ლოზუნგი, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე გაჟღერდება.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნელ-ნელა იკრიბებიან ქალთა უფლებადამცველები. ბაია პატარაიას თქმით, დღევანდელი პერფომანსის მიზანია, რომ მიიქციონ საზოგადოების და პარლამენტის ყურადღება და მოხდეს ადრეული ქორწინების პრევენცია.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კანონმდებლობით და რაც მთავარია, პრაქტიკითაც ბავშვების ნიშნობა და ბავშვების ქორწინება ჩაითვალოს ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და უფრო მეტი მექანიზმი ჰქონდეს პოლიციას, რომ ჩაერთოს, თავიდან აიცილოს და პრევენცია მოახდინოს ადრეული ქორწინებების. ამ პერფომანსით ჩვენ გვინდა, რომ მივიქციოთ საზოგადოების ყურადღება და რაც მთავარია, პარლამენტის ყურადღება, რომელსაც კანონების მიღება ევალება. ამ პერფომანსში ხაზი ესმევა სახელმწიფო სტრუქტურების როლს, სკოლის როლს, პოლიციის როლს და სოციალური მუშაკის როლს. ეს უწყებები ან საერთოდ არ მონაწილეობენ ამ პრობლემის მოგვარებაში, ან მიაჩნიათ, რომ ეს მათი პრობლემა არ არის, მაგრამ ბავშვების დაცვა და გადარჩენა, პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობაა". - ამბობს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 53 წლის მამაკაცია დაკავებული. არასრულწლოვან გოგონას მოძალადე ქუჩაში აედევნა და გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.